გიორგი ცუცქირიძე – “თუ რუსეთთან ვაჭრობაში ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების გაწყვეტა მოგვიწევს, ეკონომიკის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს”

“თუ ჩვენ სანქციებზე მიერთება და, შესაბამისად, რუსეთთან ვაჭრობაში ექსპორტის და იმპორტის ოპერაციების ფაქტობრივად გაწყვეტა მაინც მოგვიწევს, ეკონომიკის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს”, – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის აღებას რაც უფრო დააჩქარებს, კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის და გლობალური რისკებიდან მით უფრო დაზღვეული იქნება.

“უკრაინის არმიის მიერ ირპენის, გოსტომელის და, განსაკუთრებით, ბუჩას გათავისუფლების შემდეგ, პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი სისხლიანი კალო აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მარიუპოლში კიდევ უფრო დიდი სამხედრო დანაშაულობები იქნება ჩადენილი. რუსეთის სისხლიანი დანაშაულების მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის არმია მოქმედებს ომის კანონების სრული უგულებელყოფით, ნებისმიერი ცოცხალი არსების სიცოცხლის მოსპობის მცდელობით, რაც პუტინს ადოლფ ჰიტლერთან აიგივებს. ვერმახტს საკონცენტრაციო ბანაკებში უარესი კი არ ჩაუდენია, ადამიანთა წამების, დახვრეტის თუ გაზის კამერებში ამოხოცვით!

რუსეთის ირგვლივ მისი საერთაშორისი იზოლაციის წრე სულ უფრო ვიწროვდება, მორიგი ახალი საერთაშორისო სანქციების დაწესება იქნება შეუქცევადი მის სრულ ენერგეტიკულ და სავაჭრო ემბარგომდე. მოსალოდნელია, რომ მალე რუსულ სავაჭრო გემებსაც აეკრძალებათ ევროპის პორტებში შესვლა.

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე და, როგორც ჩანს, არც ე.წ “შავი ხვრელების” თემის წამოწევა ყოფილა შემთხვევითი. ვფიქრობ, აქამდე არსებული თუნდაც წონიანი არგუმენტებიც ნაკლებად იმუშავებს.

თუ ჩვენ მაინც მოგვიწევს სანქციებზე მიერთება და, შესაბამისად, ექსპორტის და იმპორტის ოპერაციების ფაქტობრივად გაწყვეტა რუსეთთან ვაჭრობაში, ეკონომიკის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს.

სახელმწიფოს გარეშე ეს ვერ გამოვა, ბიზნესს დამოუკიდებლად ამის გაკეთება მაღალი მარკეტინგული ხარჯების გამო ნამდვილად გაუჭირდება და მთელი ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული. მართალია, “თბილღვინომ” უკვე მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას რუსულ ბაზარზე, მაგრამ ამის გაკეთება შედარებით პატარა კომპანიებს გაუჭირდებათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის იზოლაცია არ იქნება მოკლევადიანი, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ნოვოროსიისკის პორტის და მთლიანად რუსული ტრანსციმბირული დერეფნის ჩაკეტვის გამო, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ყველა მიმართულება, რაც ტრანსაზიურ და ტრანსჩინურ მიმართულებებსაც ეხება და ტრანსევროპულსაც მოიცავს. დღის წესრიგში დგება საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის და ტვირთბრუნვის გამტარიანობის ზრდის ამოცანის გადაწყვეტა. ეს პორტებსაც გულისხმობს, რკინიგზასაც და ლოჯისტიკასაც, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივასაც, ახალი ინვესტირის მოძიების და ექსპლოატაციაში დროულად გაშვების თვალსაზრისით.

დღევანდელი გეოპოლიტიკური რყევების და არსებული სისტემების ტრანსფორმაციის ეპოქაში, ომებისას მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნებს შორის კონკურენციაც, რასაც ბატონი ლადო პაპავა სავსებით სწორად აღნიშნავს და ეს ფაქტორი ეკონომიკის მომავალი ტრანსფორმაციის თვალსაზრისით გადამწყვეტიც კი შეიძლება, აღმოჩნდეს!

საქართველო რაც უფრო დააჩქარებს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის აღებას, გაზრდის კონკურენტუნარიანობასაც და მით უფრო იქნება დაზღვეული გლობალური რისკებიდანაც!”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები