არნოლდ სტეფანიანი: უკრაინიდან დევნილების დასაქმების ხელშესაწყობად ე.წ. დასაქმების ბაზებს ვადგენთ, მათთვის ქართულის შემსწავლელი კურსიც ამოქმედდება

უკრაინიდან დევნილების საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2 მიმართულებით ვმუშაობთ: ვაკანტური ადგილების და დასაქმების მსურველთა ბაზას ვაკეთებთ, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, 11 ადამიანია, რომელსაც სამსახური სჭირდება, 2 კი უკვე დასაქმდა: ერთი კონდიტრის, მეორე მძღოლის პოზიციაზე.

„უკრაინელი დევნილების დახმარების პროცესი აქტიურად დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ. დღევანდელ დღემდე ურთიერთობა 40 -ზე მეტ ადამიანთან გვქონდა. ვცდილობთ, რომ ყველას დავეხმაროთ, არამხოლოდ ჩვენ, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება იმისათვის, რომ უკრაინიდან დევნილებს ხელი შევუწყოთ. რაც ვხედავთ, ამ ადამიანებს უმრავლესობა ისე ჩამოდის, რომ ელემენტარული არსებობის შესაძლებლობა არ აქვთ: არც ფინანსები არც ტანსაცმელი, არც დასარჩენი ადგილი. თუ ომი კიდევ გაგრძელდება, ვფიქრობთ, ეს ტვირთი აუცილებლად სახელმწიფოზე გადავა. ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ეს ტვირთი როგორ შევამსუბუქოთ. აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 1 კვირის წინ დავიწყეთ. უამრავმა ადამიანმა დაგვირეკა. ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, განსაკუთრებით, ამ პერიოდში. ასეთი მხარდაჭერა, ადამიანების მიმართ ასეთი სიყვარული არ მახსოვს. არის რაღაც გარკვეული ნეგატიური ემოციებიც, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ვხედავთ. ვესაუბრებით აქ ჩამოსულ უკრაინელებს, ვადგენთ ე.წ. დასაქმების ბაზებს. ამ ეტაპზე, 11 ადამიანია, რომელსაც სამსახური სჭირდება. 2 უკვე დავასაქმეთ. ერთი კონდიტრად დასაქმდა, მეორე კი მძღოლია.
2 მიმართულებით ვმუშაობთ: ვაკანტური ადგილების და დასაქმების მსურველთა ბაზას ვაკეთებთ. აქ ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანებს საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა თუ აქვთ. ამასაც ვითვალისწინებთ. ეს პრიორიტეტული საკითხია, ანუ სამსახური დასახლებასთან ერთად. ასეთი ვარიანტებიც გვაქვს.
დასაქმების საჭიროების მქონე უკრაინელებს შორის შემდეგი პროფესიების წარმომადგენლები არიან: მძღოლი, ელექტროინჟინერი, აგრონომი, ფსიქოლოგი, ძიძა, იურისტი, სოციალური მედიის მენეჯერი, სტილისტი, გრაფიკული დიზაინერი, ეკონომისტი, ბუღალტერი“, – განაცხადა სტეფანიანმა.

მისივე თქმით, უკრაინელი დევნილებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსი ამოქმედდება.

„სავარაუდოდ, მომავალ კვირას ქართული ენის შესწავლის ინტენსიურ კურსებს დავიწყებთ. მათ ეს სჭირდებათ და მინდა, გითხრათ, სურვილიც აქვთ, ენის სწავლა თითქმის ყველას უნდა, ვისაც აქ დარჩენა სურს. ქართულს ვასწავლით, ვეცდებით – ინტენსიური კურსები ჩავუტაროთ ისე, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა სასაუბრო დონეზე მაინც შეძლონ. ახლა გასაუბრება მასწავლებლებთან გვაქვს. კურსები „ზუმით“ იქნება, რადგან უკრაინელები, რომლებიც აქ ჩამოდიან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. იცით, რა არის საინტერესო? ხელფასს არავის ვუხდით, ყველა  – ვინც მოდის, მოხალისედ, დახმარების სურვილით მოდის. ამით ძალიან ვამაყობ. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 2 96 21 25“, – განაცხადა სტეფანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები