საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტს დაუჭირა მხარი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა – „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინფორმაციით, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.
როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
პროექტის მიზანია, შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს სწორედ მაჭახლის დაცული ლანდშაფტი.
კანონპროექტი თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის” (IUCN) მიმართ, როგორც მის წევრ ქვეყანას 2009 წლიდან. დავით გაბაიძის განცხადებით, კანონპროექტის წარდგენილ ვერსიაში საკომიტეტო მოსმენებისას და შესაბამისი სამინისტროების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები სრულად არის გათვალისწინებული.