თეა წულუკიანი: უმოკლეს ვადებში ველოდებით მტკიცებულებებს უკრაინის მთავრობისგან იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც ორიოდე დღის წინ გაჟღერდა

რეალობა არის ის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ​სახელმწიფოს ბრალს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

მისივე თქმით, მტკიცებულებების წარმოდგენა ბრალმდებელი მხარის ვალდებულებაა.

„როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ სახელმწიფოს ბრალს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები.

შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალიბებენ, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები