“ლაგუნა ვერესთან” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: იყო აგრესიული მოქმედება მოწინააღმდეგე მხარისგან და ამას მოჰყვა გასროლები

“ლაგუნა ვერესთან” მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეში ფიგურანტი ბიზნესმენის, მარლენ მეტონიძის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მეტონიძე ყოველთვის ჯავშანჟილეტით დადის და ეს დანაშაული არ არის.

აბესაძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დანაშაულის წინასწარ მომზადებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კონფლიქტის ინიციატორი მეორე მხარე იყო.

“მოვერიდები ამ თემაზე საუბარს, რადგან ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა, მოწმეები საუბრობენ იმას, რომ სწორედ გარდაცვლილი მხარის მიერ მოხდა იარაღის დემონსტრირება და უმისამართოდ სროლა.
ჩემთვის უცნობია, რაზე უნდა შემდგარიყო საუბარი. უბრალოდ არ დასცალდათ, რომ საუბარი დაწყებულიყო. იყო აგრესიული მოქმედება მოწინააღმდეგე მხარისგან და ამას მოჰყვა გასროლები და უდანაშაულო ადამიანების არასასიამოვნო სიტუაციაში გახვევა.

ყველას რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. სამოქალაქო პირებს, ვინც იქ იყვნენ, იარაღი არ ჰქონიათ.

ჯავშანჟილეტით სიარული დანაშაულია? მაგრამ ეჭვია. იმ დღეს ეს განცდა არ იყო, მაგრამ მეტონიძე ყოველთვის ჯავშანჟილეტით დადის. ასე უნდა, სურვილი აქვს. ვინც იყვნენ დამხვდური პირები, მათგან მოხდა უსიამოვნო ლაპარაკი და შეხლა – შემოხლა, რაც დამხვდურმა პირმა ვერ აიტანა. არ ვიცი, რა უნდოდა ამ იარაღით – დაენახვებინა რომ მაგარი ვარ?

პროკურატურა რასაც ბრალში წერს, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, ეს შეიძლება გონიერმა ადამიანმა სწორად მიიღოს? რა დანაშაული მზადდებოდა, რა მომზადდა? ხომ ვიცით, მხარეები ერთმანეთს რომ ხვდებიან, საუბარი მიმდინარეობს. ისიც დადგენილია, რომ მეტონიძეს შეხვედრა რომ სთხოვეს, მან მეორე მხარეს შეხვედრა “ამბასადორში” საერთო სივრცეში შესთავაზა. არაკანონიერი შეხვედრა რომ მომზადებულიყო, “ამბასადორში” ნამდვილად არ დაპატიჟებდა, ხომ? ჩემთვის უცნობია, ვინ დაიბარა”,- განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, “ლაგუნა ვერესთან” კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი – ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ბრონის ჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

კონფლიქტში, დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები