სალომე სამადაშვილი: მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში სწორი გამოსავალია, უკრაინამ და საქართველომ, ერთობლივად, მიმართონ ევროკავშირს ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნისთვის
“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საკითხთან დაკავშირებით უკრაინამ და საქართველომ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნისთვის ევროკავშირს უნდა მიმართონ.
“რაც შეეხება უკრაინის განცხადებას კონტრაბანდაზე – მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში სწორი გამოსავალია, უკრაინამ და საქართველომ, ერთობლივად, მიმართონ ევროკავშირს, ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნისთვის – ევროკავშირს გააჩნია შესაბამისი, ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტები”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.