იოსელიანი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: თუ ჩვენს მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უფრო ნათელს გახდის

რაც შეეხება კულებას განცხადებას, ეს ის საკითხია, სადაც მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება რთული იქნება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

მისი შეფასებით, მტკიცებულებები იმ მხარემ უნდა წარმოადგინოს, რომელმაც ბრალი დასდო ქვეყანას. თუმცა, იოსელიანი მიიჩნევს, რომ თუ ქართულ მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უფრო ნათელს გახდის.

“ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები? – ალბათ, იმ მხარემ, ვინც ბრალი დაგვდო. თუ ჩვენს მხარეს რაიმე აქვს წარსადგენი, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს და ამ ყველაფერს უფრო ნათელს გახდის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისთვის, ხომ არ ხდებოდა რაიმე იარაღის მიწოდება რუსეთისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს. ხოლო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები