კობახიძე – უკრაინის დაზვერვაზე: ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ უახლოეს წარსულში

ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ. მათ შორის, იგივე, ელჩის გაწვევის სახით, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინელი მეგობრების, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების რეალიზებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ.

“ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ წარმოადგენენ ხელისუფლების ნაწილს. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური და ეს არის სამწუხარო რეალობა.

როდესაც ერთ ქვეყანაში ადამიანი არის რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს ბუნებრივია, მოსალოდნელია და ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც ახასიათებს დღევანდელ რეალობას. გამოსავალი იქნებოდა, რომ წლების მანძილზე ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან ურევენ ვითარებას, სადაც კი შეუძლიათ, ამ შემთხვევაში, უკრაინაშიც მხოლოდ ამაში შეაქვთ წვლილი, სიტუაციის არევაში, ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილი დღემდეა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლებაში, ფორმალურად, თუ არა ფორმალურად.

როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე, თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, ბუნებრივია, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი გააკეთა და დღესაც, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები არიან ამ ხელისუფლების ნაწილი, რაც სამწუხაროდ, უკრაინას არ წაადგება იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც დღეს არის შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები