მიხეილ სარჯველაძე – უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე: აბსოლუტურად მტკნარი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა

აბსოლუტურად მტკნარი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის დაზვერვამ პროვოკაციული განცხადება გაავრცელა.

„თუნდაც დღევანდელ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მტკნარი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, ამაზე გაკეთდა განცხადებები, ცალსახა, არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი და კონკრეტული.

გნებავთ ახლა ვიღაცას რაღაც დავაბრალოთ და ვკითხოთ იმას, როგორ იმართლებს თავს? ასე არ არის სწორი, ბოდიშს ვიხდი, დააკვირდით, ფაქტიც არ მიუთითებიათ, ფორმულირებებს დააკვირდით, თქვეს, რომ თითქოს ჩვენ ვართ გარიგებული რუსეთთან, რომ ეს მომავალში უნდა გაკეთდეს, ისიც არ თქმულა, რომ ასეთი რამ მომხდარია. ეს არის, ჩემი აზრით, ერთგვარად პროვოკაციული განცხადება. ეს არის ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელება, როცა ცოტა ხნის წინ, არც თუ პატარა თანამდებობის პირი ამბობდა, რომ საქართველოს თუ უნდა რომ იყოს უკრაინის მეგობარი, უნდა გახსნას ცეცხლი. ამის გაგრძელებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები