თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, გავრცელებული განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად.
„დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად და ამის უკან ორი მეგობარი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები დგანან!“,- წერს კახა კალაძე „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.