საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მინისტრის რანგში შესრულებული საქმიანობა შეაჯამა.
ზალკალიანმა კოლეგებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მეგობრებო, ემოციურად დატვირთული დღე მქონდა. ვეცადე ვრცელი სამადლობელი გამეკეთებინა და შემეჯამებინა ჩემი საქმიანობა, მაგრამ, მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდა მოკლე დროში ყველაფრის ერთად თავმოყრა და როგორც ყოველთვის, ჩემი კოლეგები საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტიდან დამეხმარნენ და ასეთი შეჯამება გამოვიდა. დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთლიან შემადგენლობას, გუნდს, რომელმაც ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაში.
მადლობა თქვენ, ფეისბუქის მეგობრებს, მუდმივი მხადაჭერის და სითბოსთვის, რომელსაც გამოხატავდით ჩემი და სამინისტროს საქმიანობის მიმართ.
მართალია გეოგრაფიულად შორს მივდივარ, მაგრამ თქვენთან ახლოს ვიქნები მომავალშიც და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ბოლომდე დავიხარჯები, ისე როგორც ამას ვაკეთებდი ჩემი 30 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!”, – წერს დავით ზალკალიანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობაზე მას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი შეცვლის. თავად ზალკალიანი – აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.