ირაკლი ბერაია – საგანგაშოა, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება და ის გრძელდება ძალიან მძიმე ბრალდებებით, უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ გადაამოწმონ მათი წყაროები

შოკირებული ვარ იმ აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს რუსეთის მიერ სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქციის კონტრაბანდისთვის შექმნილი არხები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ უკეთესად გაერკვნენ რაღაცეებში და გადაამოწმონ მათი წყაროები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ბერაიას თქმით, ეს არის სრული სიცრუე და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების და მისი ომში ჩათრევის მცდელობების სერიის გაგრძელებას.

მისივე თქმით, საგანგაშოა, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება და ის გრძელდება ძალიან მძიმე ბრალდებებით.

„შოკირებული ვარ იმ აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს რუსეთის მიერ სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქციის კონტრაბანდისთვის შექმნილი არხები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ეს არის სრული სიცრუე და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების და მისი ომში ჩათრევის მცდელობების სერიის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოქმედებენ ერთმანეთთან კოორდინაციაში და სამწუხაროდ, ამან გამოვლინება ჰპოვა ისეთ ნაბიჯებში, როგორებიცაა მათ შორის, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, ოკუპირებულ რეგიონებში შევარდნის და ტერიტორიების ძალისმიერი გზებით დაბრუნების მოწოდებები.

დესტრუქციული სუბიექტების ამ გეგმამ არ იმუშავა, რადგანაც ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ხელისუფლებას აღმოაჩნდა საკმარისი მედეგობა და გამოუმუშავდა მყარი იმუნიტეტი მსგავსი პროვოკაციების მიმართ. საგანგაშოა, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება და ის გრძელდება ძალიან მძიმე ბრალდებებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი – შეარყიონ ხელისუფლება, რომელიც არავის აძლევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების და ოკუპანტების რევანშისტული ინტერესების გაღრმავების შესაძლებლობას.

დასკვნების გაკეთება ადვილია. საიდან მოდის ეს ყველაფერი? იქიდან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს მნიშვნელოვანი პოზიციები და საცეცები. ვინ იმეორებს ამას? ადგილობრივი რადიკალები, ვინც მუდმივად, მსგავსი დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებისთანავე, ყოველ ჯერზე მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისკენ. დღესაც, ტრადიციულად ამ ტყუილის გავრცელებას მყისიერად მოჰყვა დარაზმვისკენ და დამხობისკენ მოწოდებები. ვინ ახდენს ამის ტირაჟირებას? რადიკალებთან აფილირებული მედია, რომელიც მთელი თავისი რესურსით ახდენს დეზინფორმაციის ამპლიფიკაციას საზოგადოებაში პროტესტის, ზიზღის და უნდობლობის გაღვივების მიზნით, მართული ქაოსის შექმნის მიზნით. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კარგად მოფიქრებული და მოქმედებაში ჩაშვებული ოპერაცია, რომლის უკანაც დგანან ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის “გულშემატკივრები”. იმას თუ რა ფასი აქვს ამ ადამიანებისთვის საქართველოს სუვერენიტეტს, მის მიწა-წყალს და მოქალაქეების სიცოცხლეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ვინც და როგორც არ უნდა მოინდომოს, ამ ქვეყნის დანგრევის შესაძლებლობას არავის მივცემთ.

ერთის მხრივ, გაოცებას და მეორეს მხრივ, შეშფოთებას იწვევს განცხადება, რომ თურმე უკრაინის სპეცსამსახურებს აღმოუჩენიათ ისეთი რამ, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე შეუმჩნეველი დარჩათ მათზე ბევრად დიდი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის მქონე ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების სპეცსამსახურებს, ვისი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე და ანალიზზეა ორიენტირებული. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, თუ რა შეიძლება ამ უსაფუძვლო ბრალდებებს და ამ საქციელს ვუწოდოთ.

უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ უკეთესად გაერკვნენ რაღაცებში და გადაამოწმონ მათი წყაროები. პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსებს კი მოვუწოდებ, ნუ მისცემენ რადიკალურ ჯგუფებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მძევლად აყვანის და ათწლეულების მანძილზე შრომით აშენებული პარტნიორობის დაზიანების შესაძლებლობას.. ნუ დაადანაშაულებენ იმ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ვინც მათზე ბევრად ადრე გამოსცადა რუსული ოკუპაცია, ვინც დღემდე უმკლავდება მის უმძიმეს შედეგებს და ვინც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, უდიდეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები