ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
2021 წლის 5 ივლისს სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
განაჩენის გამოცხადების პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები აქციას გამართავენ. ისინი დაკავებული პირების დასჯას ითხოვენ.
პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
დაკავებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (154), დევნის (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობს.
5 ივლისს მედიის მინიმუმ 56 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში – 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯამში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე შსს-ს სულ 27 პირი ჰყავს დაკავებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge