პესკოვი: ყველას სურს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეულ იქნეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია, იმისთვის, რომ „სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეულ იქნეს და რაც შეძლება მალე დასრულდეს“. აღნიშნულის შესახებ მან ტელეარხ „Беларусь 1“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით, მოლაპარაკებები უშუალოდ ბელარუსში გაგვეგრძელებინა, მაგრამ უკრაინელებს ეს არ უნდათ. მათთვის ეს ალბათ არ არის მოსახერხებელი ან სხვა რამე მიზეზი აქვთ. მაგრამ, დამეთანხმებით აუცილებელია იმ ადგილის პოვნა სადაც შევხვდებით უკრაინელ მომლაპარაკებლებს. მთავარია მოლაპარაკებები გაგრძელდეს. სტამბოლში ან სხვაგან, იმიტომ, რომ საბოლოოდ ყველას უნდა სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეულ იქნეს და რაც შეძლება მალე დასრულდეს. ეს შესაძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პირობებში, მაგრამ ის რთულად მიმდინარეობს”,- აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. დემილიტარიზაცია უკრაინაში სრული სვლით მიდის და სამხედრო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში განადგურებულია, რაც ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.