გიორგი ცუცქირიძე: მშვიდობა თუ თავისუფლება? რატომღაც, ეს კითხვა არასწორად არის დასმული და თავისუფლებაც ომთან, ანუ სისხლისღვრასთან ასოცირდება

“მშვიდობა თუ თავისუფლება? რატომღაც, ეს კითხვა არასწორად არის დასმული და თავისუფლებაც ომთან, ანუ სისხლისღვრასთან ასოცირდება”, – ამის შესახებ  ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, საქართველოს ისტორიას ახსოვს პერიოდები, როდესაც მშვიდობიანობა ქართველ მეფეებს სხვადასხვა იმპერიების პროტექტორატის ქვეშ უძებნიათ.

“საქართველოს ისტორიას ახსოვს პერიოდები, როდესაც მშვიდობიანობა ქართველ მეფეებს სხვადასხვა იმპერიების პროტექტორატის ქვეშ უძებნიათ, ამავდროულად, თავისუფლებაც ყოველგვარი ომების გარეშე მოგვიპოვებია. ამ მშვიდობის სანაცვლოდ ზოგჯერ ჩვენ მეფეებს სარწმუნეობაც კი შეუცვლიათ, თავიც გაუწირავთ მშვიდობისათვის დემეტრე თავდადებულის შემთხვევაში, დავით აღმაშენებლის ისტორიაც როდესაც თბილისი არაბებისაგან საჭირო დროს გაათავისუფლა, ფაქტიურად მისი მეფობის ბოლო წლებში, არა იმდენად მშვიდობის პრიორიტეტზე, არამედ პოლიტიკის მიზანშეწონილობაზე უფრო მიუთითებს, თუმცა სხვა არჩევანიც გვქონია. თუნდაც ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი მაგალითიც საკმარისი უნდა იყოს. რად გვინდა შუა საუკუნეებში ჩაღრმავება, როდესაც 30 წლის წინ, საბჭოთა იმპერიიდან ჩვენი გამოსვლა ყოველგვარი ომების გარეშე მოხდა, როდესაც ზვიად გამსახურდიას საარჩევნო ბლოკმა “მრგვალმა მაგიდამ” არჩევნებში კომუნისტური პარტია დაამარცხა და შემდგომში დამოუკიდებლობაც გამოაცხადა 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე. აქ კონტარგუმენტად არც 9 აპრილი გამოდგება და არც კრემლის მიერ ინსპირირებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, მანამდე აფხაზეთში.

 

ბუნებრივია, ომი და ნგრევა არის საშინელება და არც ერთ ჭკუამყოფელ ადამიანს ომი არ უნდა სურდეს, მაგრამ აპრიორი მშვიდობა ომის სანაცვლოდ და საკითხის ასე დაყენება არის გადაჭარბებულად პაციფისტური და ცოტა არ იყოს კაპიტულანტურიც, რასაც არაფერი არა აქვს საერთო არც სიფრთხილესთან და არც პრაგმატიზმთან. ეს არის ომის თუ მშვიდობის თავისებური პერეფრაზი, ისევე როგორც მიუღებელია მოწოდებანი სახელმწიფოს მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში რაიმე ფორმით ჩართვაზე, მით უმეტეს მეორე ფრონტის გახსნაზე, რაც არის არასახელმწიფოებრივიც და პროვოკაციულიც. მხოლლდ ემოციის დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტა არის სიბეცეც და დანაშაულიც, შესაბამისი რაოდენობის და მომზადების მქონე ჯარიც და შეიარაღებაც რომ გვქონდეს!

რუსეთ-უკრაინის ომში ისედაც ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის და თავისუფლების მხარეს, ეს არის ქართველი პატრიოტების ბრძოლა მშვიდობისა და საქართველოს დეოკუპაციისათვის, რიცხვოვნობით საერთაშორისო ლეგიონში ყველაზე ფართოდაც არის წარმოდგენილი.

უნდა გვესმოდეს, რომ რასაც საქართველო ოფიციალურ დ არაოფიციალურ დონეზე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად აკეთებს, ან უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისათვის, და საერთაშორისო რეზოლუციების შეერთებით, ესეც თავისებური ომია და არაფრით ნაკლები არ არის სანქციების დაწესებაზე!

უფრო გასაგებად რომ ითქვას, ჩვენ საერთაშორისო სანქციებს ისედაც შეერთებული ვართ, ვითიბი ბანკის დახურვა ამის კარგი მაგალითია. არც მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტს ვახორციელებთ რუსეთში და არც რუსეთის ბიუჯეტს ვავსებთ ტრანსნაციონალური კომპანიების რუსულ ბაზარზე ოპერირებით, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებისავით. პირიქით, არც რუსულ ენერგოპროდუქტების იმპორტზე ვართ დამოკიდებული ბევრი ქვეყანასავით და ქართული ესპორტიც დიდწილად აქ ასაქმებს ადამიანებს და ფულსაც ქართულ ბიუჯეტში იხდის.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხი ყოველთვის უნდა იდგეს ჩვენი მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში, შინ თუ გარეთ იმისდა მიუხედავად, ეს ვის მოეწონება და ვის არა!

მე აქ წმინდა სამართლებრივ ასპექტებზე ვაკეთებ აქცენტირებას. მაგრამ ყოფილა დრო როდესაც ეგზისტენციური საფრთხე გვაიძულებდა, მშვიდობა ცეცხლით და მახვილით დაგვეცვა და ისე დავრჩენილიყავით ერად და გაგვეგრძელებინა ჩვენი ისტორია! ბასიანი და დიდგორი არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითები.

ომი და ხიზნებად ქცევა არც უკრაინელებს არ უნდოდათ!

მუხრანის ცნობილი ლექსისა არ იყოს:

” მოკლედ: –

სისხლის ღვრა რომ არა! –

არ იქნებოდა, –

რაც არის”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები