უკრაინის ელჩის გაწვევა თუ მოხსნა – ამირან სალუქვაძის განმარტება

ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, შეიძლება, ერთი მხრივ, იყოს ქვეყნის მიმართ დიპლომატიური დემარში, მეორე მხრივ, შესაძლოა, თავად ელჩის საქმიანობით უკმაყოფილებითაც იყოს გამოწვეული, – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაროკოსა და საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ ეხმაურება.

“ელჩი იყო გაწვეული კონსულტაციებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა დატოვა თუ არა, ჰქონდა კონსულტაციები თავის ხელმძღვანელებთან თუ არა.
ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის შეიძლება, ერთი მხრივ, იყოს ქვეყნის მიმართ დიპლომატიური დემარში, მეორე მხრივ, შესაძლოა, თავად ელჩის საქმიანობით უკმაყოფილებითაც იყოს გამოწვეული.
გუშინ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის გაწვეული ელჩი სამსახურიდან გაათავისუფლა. შესაბამისად ესაა ელჩის მოხსნა, გათავისუფლება და არა გაწვევა.
ამავე დროს, გათავისუფლების ფორმულირებებში ყოფილი ელჩის მიმართ დაფიქსირდა ორი პრეტენზია: “არაა იარაღი, არაა სანქციები, დაჯექი სახლში”.
სანქციებთან მიერთება და იარაღის მოძიება არის უკრაინის დიპლომატიურ ფრონტზე, ანუ ელჩების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ზელენსკის შეფასებით დოლგოვმა ეს ამოცანა ვერ შეასრულა.
შესაბამისად:
1. საქართველოს, ისევე – როგორც მაროკოს მიმართ, დაფიქსირდა სანქციებთან მიერთების და იარაღის მიწოდების კუთხით უკმაყოფილება.
2. უნდა ველოდოთ ახალი ელჩის დანიშვნას, რომელიც მიიღებს იმავე დავალებებს: იარაღი, სანქციები.
ასე მესმის ეს გადაწყვეტილება, ანუ ელჩის გათავისუფლებად და არა ელჩის გაწვევად.
ამის მიუხედავად, იმ ფონზე, რა მხარდაჭერასაც ავლენს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება, მთლად კორექტული და მადლიერი განცხადება არაა. უფრო მწვავედ არ დავწერ, ამ ეტაპზე. მთავრობა შეაფასებს და გააკეთებს განცხადებას, თუ საჭიროდ ჩაითვლება. მოსახლეობასაც საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდება”, – წერს სალუქვაძე “ფეისბუქზე”.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები