რა ფორმით შეუერთდება ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს – ბიბილოვის განმარტება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი მოსკოვთან ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე კონსულტაციებს მართავს.
“რაც მთავარია, რუს კოლეგებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. სამართლებრივი ქმედებები უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ამის საფუძველი არსებობს. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მან “როსია 24”-ის ეთერში.
ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ნაბიჯი ეფუძნება „ხალხის დიდ სურვილს, დაბრუნდეს რუსეთში“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ხალხის აზრის მოსმენა, მაგრამ ის “ისედაც ცნობილია”.
კითხვაზე, რა ფორმით აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და იგეგმება თუ არა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ბიბილოვმა თქვა, რომ რუსეთში არსებობს პროცედურები, რომლებიც სუბიექტების გაერთიანებასთან არის დაკავშირებული.
“მე ვფიქრობ, რომ ორი ოსეთის გაერთიანება მაინც აუცილებელია”, – დასძინა მან.
რაც შეეხება “გაერთიანებული ოსეთის მართვის” საკითხებს, ბიბილოვმა თქვა, რომ ეს უკვე ტექნიკური საკითხებია.
ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებს.
თუმცა, როგორც მისმა პრესმდივანმა განმარტა, “გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება”, რომლებშიც ბიბილოვიც მონაწილეობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge