ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა არტურ ლორკოვსკის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს და კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად მიღებულ კანონზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოს შეფასების (SEA) დირექტივების პრინციპებს ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კოდექსის შესაბამისად, ყველა აქტივობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემოზე ან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს ექვემდებარება.

„EIA და SEA სისტემის შემდგომი გაუმჯობესება ქვეყანაში კვლავ რჩება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და პროცესში ჩართულობა. ამ მიზნით შემუშავდა გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების სისტემატურ და გამარტივებულ ხელმისაწვდომობას გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

საუბარი შეეხო საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივით ნაკისრ ვალდებულებებს. სამოქმედო გეგმა ენერგიის გამომუშავებასა და გადაცემას, ნარჩენების მართვას, სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობას მოიცავს.

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ამრიგად, ჩვენ ვართ კლიმატის ცვლილების კანონის საუკეთესო ვარიანტების გამოვლენის პროცესში და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანა ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო მზად არის საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონმდებლობის შემუშავებაში დაეხმაროს და ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების EU სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში ხელი შეუწყოს.

შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, პროგრამა EU4Energy-ის ხელმძღვანელი სვეტლანა კარპიშინა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ადგილობრივი წარმომადგენელი მაია მახარაშვილი ესწრებოდნენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები