“აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ” – სერგეი შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, “აფხაზეთში არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არსებობს”.
ამის შესახებ მან ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადების კომენტირებისას თქვა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ ოსეთი ამ საკითხს რეფერენდუმზე აყენებს. ეს არის მათი ისტორიული ბედი, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ალბათ ეროვნული ოცნებაა, ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ, მოძმე სამხრეთ ოსეთის ასეთ მისწრაფებებს მხოლოდ მხარს დავუჭერთ“, – თქვა შამბამ.
მისი თქმით, “რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს”.
„პირველ ყოვლისა, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, თან არც შესაბამისი განწყობები არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება – არც პოლიტიკურად და არც საზოგადობაში. მე არ ვიცი აფხაზეთში ისეთ პოლიტიკურ ძალა, პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ასეთ შესაძლებლობას, შეიძლება განიხილავდეს, დამოუკიდებლობაზე უარის თქმას. ასეთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს”, – განაცხადა სერგეი შამბამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge