დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ დაიცვას უკრაინელი ხალხი ბარბაროსული ძალადობისგან.
„აბსოლუტურად გასაგებია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის პუტინის ხელისუფლებადან ჩამოშორება. ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ დავეხმაროთ, დავიცვათ უკრაინის ხალხი, დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და არაგონივრული ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს მანამ, სანამ ყველა რუსული ჯარისკაცი არ დატოვებს უკრაინას.
„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უნდა მოელოდეთ G7-ის მიერ სანქციების მოხსნას მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება. ეს პირდაპირ პუტინის სცენარია. ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, სანამ პუტინის ყველა ჯარისკაცი უკრაინას არ დატოვებს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.