გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა, აბრეშუმის გზის ისტორიული ფუნქცია აღიდგინოს

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა, აბრეშუმის გზის ისტორიული ფუნქცია აღიდგინოს და რეგიონულ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს.

ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

“ვლადიმერ პუტინი რომ თავისივე დაგებულ მახეში გაება, უფრო სწორად, დასავლეთმა “წამოიკიდა”, ეს მხოლოდ ჩემი თვალსაზრისი არ ყოფილა, თვით გლებ პავლოვსკიმ დაადასტურა. პავლოვსკიზე კარგად არავინ იცის არც კრემლის კულუარები და არც შიდა სამზარეულო. ის მთელი 15 წლის მანძილზე რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მანიპულატორი და კრემლის მთავარი პოლიტტექნოლოგი იყო.

“რადიო თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში ჩვენთვის სხვა საინტერესო ამბებსაც შეეხო, მათ შორის, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს. მისი შეფასებით, ახლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ნაკლებად იმოქმედებს უკვე დაწესებულ სანქციებზე, ხოლო საომარი მოქმედებების გახანგრძლივების შემთხვევაში, დამატებითი სანქციების დაწესება გარდაუვალი იქნება, რაც რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლის და კოლაფსის გაცილებით უარესი დეტონატორი გახდება. ამასობაში კი, კიდევ ერთი ჩვენი პროგნოზი ახდა. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, რასაც მოლოდინისამებრ ე.წ ტრანსციმბირული დერეფნის პარალიზება მოჰყვა, ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადაამისამართა,
რათა ტვირთბრუნვის ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა არ მომხდარიყო.

არანაკლებ საინტერესოა ინფორმაცია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესის მკვეთრად, თითქმის 250 %-ით გაზრდაზე, ჩრდილოეთ ევროპელ და ჩინელ დამკვეთების მხრიდან, რასაც შავი ზღვის რეგიონში Sealand MAERSK-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელიც ადასტურებს.

ყველა სცენარით, მათ შორის, ოპტიმისტურითაც კი, სანქციები რუსეთზე პუტინის მმართველობამდე შენარჩუნდება, რაც მინიმუმ 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი აღიდგინოს აბრეშუმის გზის ისტორიული ფუნქცია და იქცეს რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად”- წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ომიდან ერთ კვირაში უკრაინულმა პორტებმა, რომლებზეც შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის 37 % მოდის, კომერციული გემების მიღება შეწყვიტეს.

“უკრაინა უმსხვილესი მოთამაშეა. სანქციების შედეგად, რუსეთის წამყვანი პორტის, ნოვოროსისკის ჩაკეტვა ჩვენს დერეფანში არა მხოლოდ ყაზახური ნავთობს გადაამისამართებს, არამედ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი შუა აზიური ქვეყნის თურქმენეთის ნავთობპროდუქტებსაც.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი პორტები და რკინიგზა ვერ შეძლებენ აზიური ტვირთბრუნვის ნაკადების გატარებას, არასაკმარისი გამტარიანობის გამო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უახლოეს 2-3 წელიწადში ასაშნებლად და ინვესტორების მოსაძიებლად ამაზე იდეალური სიტუაცია სხვა დროს შეიძლება აღარც იყოს. ეს ტვირთბრუნვის გამტარიანობის მნიშვნელოვნად ზრდასთან ერთად, მოხსნიდა კიდევ ერთ პრობლემას, რაც ჩვენს შემთხვევაში ე.წ მულტიმოდალურ დერეფანს უკავშირდება საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო გადაზიდვებით, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ქვეყანა. რუსული ტრანსციმბირული დერეფანი, მიუხედავად სიგრძისა, იმითაც იყო მიმზიდველი, რომ ამ დერეფანში იყო მხოლოდ ერთი ტრანზიტული ქვეყანა ერთი სისტემით, თუმცა როგორც აღმოჩნდა მაღალი თანმდევი რისკებიც მაგრამ მაინც.

ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა მაინც პოლიტიკურ მოცემულობაშია. რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ამ ერთმა განვლილმა თვემაც აჩვენა, რომ არა თუ პოლიტიკური კონსენსუსის პრობლემა დგას ქვეყანაში, არამედ თვით ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალისათვის ნებისმიერი მოვლენა, ქვეყნისათვის ეგზისტენციალური რისკის მატარებელი და დამაზიანებელიც კი, ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ წინაპირობად არის ქცეული”, – წერს ცუცქირიძე.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები