ანრი ოხანაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადავდეთ, რათა სპეკულაციები მოიხსნას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო, რათა საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მოიხსნას.
„თურმე, რაღაც საშინელება ხდებოდა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურებოდა. შემდეგ ოპონენტებმა გაარკვიეს, რომ ეს არავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის და მიხვდნენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონი. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ეს პროცედურა კონსტიტუციაზე დაყრდნობით შეიძლებოდა, განხორციელებულიყო. თუ ეს კონსტიტუციაში გაწერილია და მხოლოდ დაზუსტებას ვახდენთ კანონში, რა არის პრობლემა? ოპოზიცია მიხვდა, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ იყო, უნდა წამოეწიათ თემა, ნახეთ, ცვლილებებს როგორ დაჩქარებულად განიხილავენო. ამაზე წუხილს გამოთქვამდნენ. საკითხის დაჩქარება სწრაფად გავლას არ ნიშნავს.
იმისათვის, რომ სპეკულაციები მოიხსნას, კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადავდეთ. დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე დაგვეთანხმნენ. პირიქით, ხათუნა სამნიძემ გვირჩია, იქნებ, კიდევ ერთი თვით გადავდოთო, ანუ გადადებას თვითონაც დაუჭირეს მხარი. გამოდის, რომ შეჯერებული პოზიციაა და რა არგუმენტი გაგვიქარწყლდა? ორი კვირის თავზე პარლამენტში შევხვდებით, კანონპროექტს გავიტანთ და პირობას გაძლევთ, პირველი მოსმენით, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge