ირაკლი ქადაგიშვილი – „დღეს ის ომის რიტორიკა, რომელიც პროვოკაციულია და არა პატრიოტული, უნდა დავამთავროთ”

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს 1988 წლის 9 აპრილიდან, დამოუკიდებლობის ხმამაღლა დაფიქსირების დღიდან, პერმანენტული დაუნდობელი ომი აქვს და თუ ვინმე გვიან ჩაერთო ამ ომში, ეს არ ნიშნავს, რომ წინამორბედის ნავალი გზა ვინმემ აბუჩად მოიხსენიოს.

„საქართველოში დღეს ჩვენი ჯარი არის ის ჯარი, რომელიც ნებისმიერ აგრესიას დახვდება ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი ითვალისწინებს. რაც შეეხება სპეკულაციებს, ისინი მეთოდურად , მაგრამ ჩვენს მიერ დამთავრებული იქნება საქართველოში.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთიანები უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ერთიანები, ოღონდ როდესაც ყველა ის სპეკულაცია მოიხსნება, რომელიც 2020 წლის არჩევნების საბოტაჟით, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლით და ყველა ინსტიტუციის დისკრედიტაციით გინდოდათ მიგეღწიათ. არ გავიდა ეს საბოტაჟი და დღეს პარლამენტი ფუნქციონირებს. ამ პარლამენტს საშუალება აქვს, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენ და მთავრობამ ვიაროთ, მაგრამ ეს მისაღწევი იყო 2020 წელს. რომ არ მიგვეღწია, დღეს სხვა მოცემულობა გვექნებოდა. ასევეა დღევანდელ ვითარებაში – დღეს ის ომის რიტორიკა, რომელიც პროვოკაციულია და არა პატრიოტული და არა სამშობლოს დაცვისათვის მიმართული, უნდა დავამთავროთ და ახლა ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რადგან ეს რიტორიკა არ გაუვიდათ, როგორ ნელ-ნელა საუბრობს მშვიდობაზე და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთობლივ ნაბიჯების გადადგმაზე.

დიახ, ეს კარგი გაგებით, მშვიდობისკენ იძულებაც, რა თქმა უნდა, შედგება. შედგება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესის საფუძველში და ომით შეიძლება რაღაც ტერიტორიების ნაწილი დაიკავო, მაგრამ ვერასდროს ვერ დაიკავებ იმ გულს, რა გულითაც იყო ყოველთვის ერთიანი საქართველო. რა გულიც აგრესორმა გატეხა და მერე ტერიტორიაც დაიკავა. ამიტომ ჩვენ ჯერ გულები უნდა დავიბრუნოთ და ამ გულებთან ერთად დაბრუნდება ყველა ის ერთიანობა და სისავსე და ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ეს არის იმ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა.”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები