მიხეილ დაუშვილი: რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ცივილიზებულ სამყაროსთან და არა – რუსეთთან ერთად
„თქვენი ხედვა რა არის და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ცივილიზებულ სამყაროსთან და არა – რუსეთთან ერთად. ამისთვის საერთოდ რამეს აკეთებთ? თუ არც გეგმა გაქვთ და არც იცით რა უნდა გააკეთოთ, ჩვენი გეგმა მიიღეთ, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ანტიკორუფციულ რეფორმას, უსაფრთხოების სექტორის, საჯარო სამსახურის და კიდევ იმ სისტემურ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის”,- ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიას საქართველოზეც ექნება ნეგატიური გავლენა უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ აპირებს მოქმედებას ყველა კონკრეტული მიმართულებით.
„რეგიონში არის უმძიმესი მდგომარეობა. თვეზე მეტია, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. რეალურად ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო მოქმედებები, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.
უკრაინის გამარჯვებაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული საქართველოს დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და მომავალი განვითარებაც. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ნაცვლად იმისა, ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალი როგორი იქნება და რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, ვმსჯელობთ სისულელეებზე.
რუსეთის აგრესიას ყველა ვარიანტში ექნება ჩვენზე გავლენა და ეს გავლენა იქნება ნეგატიური. უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. და ამაზე ათასჯერ დავსვით კითხვა-უსაფრთხოების მიმართულებით საერთოდ რამე გეგმა გაქვთ თუ არა, ნაციონალურ მოძრაობაზე და რაღაცებზე კი ნუ გველაპარაკებით, გვესაუბრეთ იმაზე უსაფრთხოების მიმართულებით რა გეგმა გაქვთ. ხვალ რომ დადგეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საკითხი, საერთოდ რა გეგმა გაქვთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.