ნიკა მაჭუტაძე – „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ვისმენთ ისეთ განცხადებებს, როდესაც ეროვნული ინტერესების დაცვა, სტრატეგიული მოკავშირის მხარდაჭერა, პრინციპულობა საზოგადოებისა თუ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ინათლება ომის პროპაგანდად”
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღე არის საქართველოს ისტორიისთვის. 1927 წლის 29 მარტს, წამების, დევნისა და არაადამიანური შევიწროების შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს დიდი პატრიოტი, კათალიკოს პატრიარქი ამბროს ხელაია, რომელმაც 1922 წელს გენუის კონფერენციას მისწერა ის ცნობილი წერილი, სადაც ეწერა შემდეგი სიტყვები რომ საქართველოდან გაყვანილ უნდა იქნეს რუსეთის საოკუპაციო ჯარი და ქართველ ხალხს, აღუდგეს თავისი ეროვნული და სუვერენული უფლებები. დღეს ამ კონფერენციიდან 100 წელია გასული და საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი პოლიტიკა წარმოებს, რომ ამბროსი ხელაიას ამ წერილს არარაციონალურ, არაგონივრულ ნიმუშად ნათლავენ ხოლო, თავად კათალიკოს პატრიარქს კი ომის პარტიის წარმომადგენლად. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველ დღე ვისმენთ ასეთ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, როდესაც ეროვნული ინტერესების დაცვა, როდესაც სტრატეგიული მოკავშირის მხარდაჭერა, პრინციპულობა საზოგადოებისა თუ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ინათლება როგორც ომის პროპაგანდად და ომის პარტიობად”,- ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გონივრული პოლიტიკაა არა მტრის ულტიმატუმებზე საუბარი არამედ, წინაპრის ზნეობრივი მაგალითი და თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თავისუფლებისთვის . „მტრის ულტიმატუმებზე საუბარი კი არ არის გონივრული პოლიტიკა არამედ, წინაპრის მაგალითი, ზნეობრივი მაგალითი და თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა არის გონივრული პოლიტიკა, სხვანაირი მთელმა მსოფლიომ და მისმა ისტორიამ, პოლიტიკის თეორიებმა არ იცის”, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.