ხათუნა სამნიძე – „როდესაც ჩვენ გესაუბრებით მშვიდობაზე, რომელიც ჩვენც გვინდა თქვენთან ერთად, გესაუბრებით ერთიანობაზე ამ კონკრეტული საკითხის გარშემო – ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მშვიდობასა და გელაპარაკებით ევროპაზე
“მშვიდობა, ერთიანობა და ევროპა ეს სამი თემა იყო, რაზეც აქცენტი გააკეთა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, მაგრამ კონკრეტული პასუხის ნაცვლად სამწუხაროდ, მივიღეთ ისეთი განცხადებები, როგორიცაა მიმართვა – „ომის პარტიის წარმომადგენლები”; ის, რომ თქვენ უფრო გიყვართ თქვენი შვილები ვიდრე ჩვენ.
იყო ხმამაღალი განცხადება, რომ ჩვენი ერთიანობა არ შეიძლება და სხვა თავდასხმები, რომელიც ისმის მხოლოდ საპარლამენტო დარბაზში არამედ, სამწუხაროდ, ისმის პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, რომელიც სამარცხვინოს არქმევს იმ ადამიანების შეკრებას აქციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხდალ პოზიციას აპროტესტებდნენ და უკრაინაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ”, – ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კოლეგებს მიეღოთ საპარლამენტო ოპოზიციის შეთავაზება მოეწვიათ სუს-ის უფროსი და თუნდაც, დახურულ ფორმატში ესაუბრათ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. „ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ თქვენგან პასუხი. შემოგთავაზეთ დახურულ სხდომაზე სუს-ის უფროსის მოწვევა, რომ გვესაუბრა გამოწვევებზე, მათ შორის, ალტ-ინფოს პრობლემაზე.
ოფიციალურ წერილზე პასუხად მივიღეთ უარი. თქვენი მხრიდანაც პასუხი არის ის რაც გვესმის „ომის პარტია” და გსურთ, რომ თითოეული ადამიანი ვინც ამ ფლანგზე ვსხედვართ გააერთიანოთ ამ დაპირისპირებაში მტრის ხატის ძიებაში ქვეყნის შიგნით. როდესაც ჩვენ გესაუბრებით მშვიდობაზე, რომელიც ჩვენც გვინდა თქვენთან ერთად გესაუბრებით ერთიანობაზე ამ კონკრეტული საკითხის გარშემო – ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე და გელაპარაკებით ევროპაზე. ვისაუბროთ ამ ქვეყანაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევაზე ალტ-ინფოს ძალადობრივ მოწოდებებზე და ღიად პრორუსულ კამპანიაზე. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ეს არის ღიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.