მაია ბითაძე: რუსეთუმეები მოიკითხეთ იქ, სადაც 2008 წლის შემდგომ გავხდით არა ენერგოდამოუკიდებელი, არამედ მეტად ენერგოდამოკიდებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ლანძღვისა და შეურაცხყოფის ნაცვლად, მათთან ერთად იმუშაონ.
„გულწრფელად მჯერა, რომ სადღაც ყოველ საღამოს, რომელიღაც ტელევიზიაში ან სადმე მომდევნო დღის მავნებლური დღის წესრიგი ჩნდება, რომლის მიხედვითაც ცდილობთ, ააგოთ თქვენი დღე. თან გვეჩხუბებით. მოდით, ვიმუშაოთ. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონს ვიღებთ, სხვა კანონებს გარემოს დაცვის სფეროში და ყველაფერი ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.
ეს სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია მიგვეღო და განაცხადი გაგვეკეთებინა. ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და არ გაბედოთ, ქართველებს რუსეთუმეები დაგვიძახოთ.
რუსეთუმეები მოიკითხეთ იქ, სადაც 2008 წლის შემდგომ გავხდით არა ენერგოდამოუკიდებელი, არამედ მეტად ენერგოდამოკიდებული. და ეს გაიხსენეთ ხოლმე.
20 % ოკუპირებულია, საშინელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით და ყოველ საღამოს ცდილობთ გამოაცხოთ ახალი პრობლემა მომდევნო დღისთვის. მოგიწოდებთ – იმუშავეთ, ჩაერთეთ, კითხვები დასვით სექტორული მიმართულებით.
გთხოვთ თავი შეიკავოთ, ნუ გვეჩხუბებით და ამომრჩეველს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.