ეკა ხერხეულიძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნეს გამოყენებული, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და ირაკლი ბებუა დროულად დაუბრუნდნენ ოჯახებს
„ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის და ირაკლი ბებუას ბედი დროულად გადაწყდეს და ისინი დროულად დაბრუნდნენ ოჯახებში – ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი იმედი მაქვს ხელისუფლებისგან”,- ამის შესახებ ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დღის წესრიგში მოწინავე საკითხი უნდა იყოს. „წინა სასესიო კვირას შს მინისტრმა გომელაურმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის შემდეგ ოკუპაციის ხაზიდან არავინ არ გაუტაცებიათ და ეს იყო ბოლო მსხვერპლი. ეს იყო ჩემთვის მძიმე მოსასმენი, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ღია ჭრილობა ირაკლი ბებუას და მამუკა ჩხიკვაძის სახით, რომლებიც დღეს იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში და სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არავინ იცის მათი მდგომარეობა. როდესაც ეს ამბავი მოხდა, ყველა ვიყავით შეშფოთებული ამ ფაქტის გამო, მაგრამ შემდეგი მსვლელობები, რომლებიც განხორციელდა ამ ადამიანების დასახსნელად, არანაირად არ აღმოჩნდა ეფექტური და არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე ინფორმაციას ვფლობთ მათ შესახებ.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული ვითარება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის არის მეომარი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის და ერაყის მისიებში, ასევე, 2008 წლის ომის დროს, და იცით, როგორ ექცევა ცხინვალის რეჟიმი ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ამიტომ, მისი მდგომარეობა კატეგორიულად უნდა იყოს მოწინავე საკითხი ჩვენს დღის წესრიგში და არაფრით არ შეიძლება ამ საკითხის დავიწყება, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ იქ ადამიანები განიცდიან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. თუნდაც, ბესტაევის მაგალითი, რომელიც ახლახან ვიხილეთ, ის ტრაგიკული დასასრული მისი სიცოცხლის ამის მაგალითია და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ, მთელი ჩვენი ძალისხმევით ამ ადამიანების დახმარება”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
პარლამენტის წევრის განცხადებით, ირაკლი ბებუას და მამუკა ჩხიკვაძის ოჯახებში დასაბრუნებლად ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა იქნას გამოყენებული. „ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ამ ადამიანების ბედი დროულად გადაწყდეს და ისინი დროულად დაბრუნდნენ ოჯახებში. ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი იმედი მაქვს ხელისუფლებისგან, მაგრამ ეს ტრიბუნაც შესაძლებლობაა, რომელიც აუცილებელია, გამოვიყენო იმისთვის, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა იცოდეს საზოგადოებამ.
მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან ქართველი ტყვეები მამუკა ჩხიკვაძის და ირაკლი ბებუას სახით და ხელისუფლებისგან თქვენ მათი დახმარების ეფექტურ გზებს ვერ იგებთ. ჩემთან ერთად უნდა წუხდეთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი ქვეყანა, უნდა იცოდეთ, როგორია რეალური ვითარება ჩვენს ქვეყანაში და უნდა იცოდეთ კიდევ ერთი რამ: როდესაც დღეს საქართველო იბარებს უკრაინაში გმირულად დაღუპული მეომრების ცხედრებს, ეს ადამიანები იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილნი. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან, არიან საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილნი, ანუ, მშვიდობის პერიოდშიც არ აქვთ უფლება, დაბრუნდნენ სახლში და მხოლოდ და მხოლოდ იმ ვითარებაში, თუკი ტრაგიკულად დასრულდება მათი სიცოცხლე, მივიღებთ მათ ცხედრებს. ეს არის ჩვენი რეალობა. მინდა, ყველას გამარჯვება ვუსურვო უკრაინაში, უკრაინელ და ქართველ მეომრებს, გამარჯვება ვუსურვო ყველა პატრიოტს, რომელიც გულშემატკივრობს ამ სამართლიან ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, რომელიც რეალური სახეა ჩვენი ქვეყნის ისტორიის, თავისთავად არის სწორ გზაზე, ისტორიის სწორ მხარეს”,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.