პაატა მანჯგალაძე: ერთადერთი გამოსავალი ეროვნული თანხმობაა
„რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, როცა პუტინის კაცთმოძულე რეჟიმი ცდილობს, უკრაინელი თავისუფლების მოყვარე ხალხი გაანადგუროს, საქართველოს ნამდვილად არ აქვს, უქმად ყოფნის დრო. ამ შექმნილ ვითარებაში ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი ეროვნული ერთიანობის ჩვენება, ეროვნული თანხმობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და სახელმწიფო ერთიანობის გარშემო და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მობილიზება, რადგან პირისპირ არ დავრჩეთ ამ გამანადგურებელ მტრულ ძალასთან, როგორიც არის რუსული იმპერია”, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე განცხადებით, მშვიდობაზე საუბრისას აუცილებელია ორი რამ: ერთიანობა და დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირება.
„ჩვენ როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, „ქართული ოცნება” გვთავაზობთ, ქვეყნის შიგნით დაძაბულობას, ეროვნული ერთიანობის ნაცვლად.
შემოგაქვთ თემები, თითქოს, ვიღაც ომის მომხრეა. როგორ შეიძლება – ვინმემ აიღოს პირობა, რუსეთის პირობებში, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ ორი რამ: ერთიანობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირება. არცერთი მიმართულებით ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს. ნუ გავაგზავნით მესიჯებს რუსეთთან, რომ საქართველოში თეთრი დროშებით ელოდებიან. რომ გვეუბნებით ომი გინდათო, აი ეს პუტინი, რომ გამოვიდეს და წამოვიდეს საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვაპირებთ თუ არა ჩვენი სუვერენული უფლების, თავდაცვის გამოყენებას?”- მიმართა უმრავლესობის წევრებს, პაატა მანჯგალაძემ.