თეონა აქუბარდია: სად არის სახელმწიფო მაშინ, როდესაც ღიად პრორუსული ძალა, რომელიც ომის პროპაგანდას, ეთნიკური და რელიგიური შუღლის ჩაგდებას ახდენს ქვეყანაში, ხსნის ოფისებს
„თუ ჩვენ მართლა პატრიოტები ვართ და არა ურაპატრიოტები, სად არის სახელმწიფო მაშინ, როდესაც ღიად პრორუსული ძალა, რომელიც ომის პროპაგანდას და ეთნიკური და რელიგიური შუღლის ჩაგდებას ახდენს ქვეყანაში, ხსნის ოფისებს. ამ ვითარებაში, სად ვართ ჩვენ, დეპუტატები, რომლებსაც გვინდა პატრიოტები გვერქვას, და სად არის სახელმწიფო. რა ფულით ფინანსდებიან ისინი, რატომ არ დგას ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და რატომ არ იძიებს ამ შავი ფულის წარმომავლობას და რატომ არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის” წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებამდე წინასწარ გააძლიერა მეხუთე კოლონა და საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს აქვს განსაკუთრებით უკრაინაში აგრესიის ფონზე. „უკრაინაში როდესაც ომი დაიწყო, დაიწყო გამოძიება იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთიდან მიმდინარეობდა დიდძალი ფული იმისთვის, რომ მეხუთე კოლონა გაეძლიერებინათ უკრაინაში და სანამ თქვენ აქ ერთმანეთს მტრებს ეძახით და მტრის ხატს პოლიტიკურ ძალებში ხედავთ, მინდა გაგახსენოთ ის, რაც რეგიონებში ხდება. ბოლო ორი კვირის მანძილზე ე. წ. კონსერვატიული პარტია, რომელიც ერთის მხრივ ომის პროპაგანდით არის ცნობილი და ჩვენ რომ კანონი გვაქვს და ამაზე თვალს ხუჭავთ თქვენ, ამას შეგახსენებთ, რომ ომის პროპაგანდა დაუშვებელია, ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მეხუთე კოლონაა ღიად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეწევა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური შუღლის გაღვივებას. და ამის არაერთი ფაქტი არსებობს უკვე მოძიებული და დადებული.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვიმუშაოთ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით, გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომელიც რუსეთიდან საქართველოს აქვს განსაკუთრებით უკრაინაში აგრესიის ფონზე და რეალურ მტერზე ვისაუბროთ, დავარქვათ თავისი სახელი და შიდა მტრობას შევეშვათ, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთს და ასუსტებს საქართველოს”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.