საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება.
სხდომაზე იმსჯელებენ დაეკისროთ თუ არა აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სახდელი.
ცნობისთვის, მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, პარლამენტის გავლით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.