პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.