ფრიდონ ინჯია: დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნოს მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით, სასურსათო უსაფრთოხების თავლსაზრისით
„ყველასთვის ნათელია, რომ მინიმუმ უახლოესი 2 წელი, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მძიმე როგორც მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისთვის. ამ კრიზისის და გამოწვევის დასაძლევად ვფიქრობ, რომ დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნოს მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოხების თვალსაზრისით”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველი იქნება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა.
„ხომ არ ვიფიქროთ, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, დაახლოებით, ისეთივე ფორმის, რომელიც წარმატებულად მუშაობდა კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო მწვავე და რთულია”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ. „ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტურად, თამამად და სწრაფად, ვინაიდან მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულად იქნება მისაღები ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა.
„ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ სერიოზული დესტრუქციული და მოღალატეობრივი ძალები. გვესმის არა ერთი მოწოდება ქვეყანაში მდგომარეობის არევისა და დესტაბილიზაციის მიმართულებით. ამიტომ, ხელისუფლებას მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მობილიზება გამოწვევების ყველა ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.