ანა ბუჩუკური: 10 წელია, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს არ გამოუვიდა
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 10 წელია, ხელისუფლების შეცვლას უშედეგოდ ცდილობს.
მისივე თქმით, მეთოდები, რომლითაც აღნიშნული პარტია ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, არ მუშაობს.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე ჩვენი პოზიცია იცით. ადამიანი არის ციხეში და, ამიტომ, დეტალურ შეფასებებში არ შევალ. მორალურად სწორი არ იქნება. 10 წელია, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს არ გამოუვიდა იმიტომ, რომ ის მეთოდები, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების ოპოზიციაში გადაყვანას ცდილობს არ მუშაობს”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია”.