ნინო ბურჯანაძე დანილოვს აკრიტიკებს – “ნახევარი ბომბები თქვენ დაიყარეთო, ამის თქმა არ მიმაჩნია სწორად”

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის მოწოდება, რომ სხვა კონფლიქტურ ზონებში მეორე ფრონტის ხაზის გახსნა უკრაინას დაეხმარებოდა რუსეთთან ბრძოლაში, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება მეგობარი ქვეყნისგან არასწორია.

“ამ განცხადებამ არა მარტო გული დამწყვიტა, არამედ აღმაშფოთა კიდევაც. მე მესმის უკრაინელების მდგომარეობა, აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ მეც, თქვენც და, ყოველ შემთხვევაში, ყველა ნორმალური ადამიანი. გვესმის გაჭირვებაში გაკეთებული განცხადებები, მაგრამ თუ შენ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო, მე ისეთი რაღაც გავაკეთო თუნდაც შენ დასახმარებლად, რაც მე და ჩემს ქვეყანას დაგვაზარალებს.
არაწორია საქართველოსათვის მოწოდება იმის, რომ მეორე ფრონტი გავხსნათ, როდესაც, უკაცრავად პასუხია და, მეორე ფრონტის გახსნაზე ნატო და ევროპა ვერ მიდის იმიტომ, რომ მათაც ესმით – რამდენად სახიფათოა საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსათვის და შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარებას. ახლა საქართველოს მოუწოდო, რომ ამ მეორე ფრონტში ჩაერთოს,  არ არის მეგობრული განცხადება, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ. ახლა ნახევარი ბომბები თქვენ დაიყარეთო, ამის თქმა არ მიმაჩნია სწორად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ძალიან დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში. დანილოვმა „მეორე ფრონტის“ გასახსნელ მაგალითებად საქართველო, კურილიის კუნძულები და კალინინგრადის რეგიონი მოიყვანა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები