“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს საკითხის განხილვა დაწყებულია, უახლოეს პერიოდში ველოდებით შემდეგ ნაბიჯს – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ საჭირო პროცედურები სწრაფად განახორციელა.
„საზოგადოებამ იხილა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სწრაფად განვახორციელეთ ყველა პროცედურა, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. გაკეთდა განაცხადი, გაიგზავნა ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის მხრიდან მიმღებლობა იყო ძალიან პოზიტიური. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო ის სისწრაფე და პროცედურები, რომელიც გაიარა ჩვენმა განაცხადმა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია. საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში.
ჩვენ უახლოეს პერიოდში შემდგომ ნაბიჯს ველოდებით – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროში მივიღებთ ამ კითხვარს, მაგრამ ეს არის შემდგომი აუცილებელი ნაბიჯი. კითხვარი აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის კითხვარი აქვს. შეიძლება, 1 000 კითხვა იყოს, შეიძლება მეტი. ამ კითხვებში არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური საკითხები, დემოკრატიზაციის თემები. ჩვენ, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მთლიანად ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია, აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, უახლოეს ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება ეფექტიანად წარიმართოს და ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდეს. პრემიერმინისტრთან ვართ კომუნიკაციაში. უახლოეს პერიოდში გვექნება ასევე ამ გეგმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც კითხვარს მივიღებთ ჩვენ, გახდება ყველას საერთო საქმე და ყველა, ვისაც კი ევალება ამ კითხვარის შევსება, პირველ რიგში, ვართ ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, ასევე ამ პროცესში ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ ერთიანობა გვჭირდება. ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება უაღრესად ხელსაყრელია ქვეყნის კონსოლიდაციისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.