დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების პერიოდში მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა, კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების პერიოდში, მოქალაქეებზე გაწეული დახმარებების თაობაზე.
მისი განცხადებით, საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულებები გადავიდნენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. მუხრან გულაღაშვილის განცხადებით, სიტუაციის ესკალაციასთან ერთად, გამოიკვეთა ის კონკრეტული საჭიროებები, რაც აუცილებელია რთულ ვითარებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევისათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, 24 მარტის მდგომარეობით, საერთო ჯამში სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 2328 მოქალაქეს. აქედან:
∙ დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ იქნა 402 მოქალაქე;
∙ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა 69 მოქალაქეს. აქედან, ოდესაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, ოჯახთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ამ პერიოდში, მათი საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგებას უზრუნველყოფდა საქართველოს გენერალური საკონსულო;
∙ მგზავრობის გაგრძელებისათვის საჭირო დოკუმენტები უსასყიდლოდ დაუმზადდა 387 მოქალაქეს;
∙ ისეთი უსაფრთხო მარშრუტების საშუალებით, როგორიცაა ლვოვი-ვარშავა, ოდესა-კიშინიოვი და სხვა, მოსაზღვრე ქვეყნებამდე გადაყვანილ იქნა 1404 მოქალაქე. ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო სამსახურების ძალისხმევით, მოქალაქეები იმ ადგილებიდან, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, გადმოყვანილ იქნენ უსაფრთხო ქალაქამდე.
∙ საქართველომდე გასამგზავრებელი ბილეთი გადაეცა 286 მოქალაქეს;
∙ საქართველოს წარმომადგენლობების მიერ, ასევე სწრაფად იქნა ორგანიზებული, მოქალაქეთა ავტობუსებით გადაყვანა უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებიდან სტამბოლამდე. ამ მარშრუტით სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა რამდენიმე ასეული მოქალაქე, ხოლო ნაწილის დაბრუნების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დახმარება გაეწიათ ასევე საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს (მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი) 76 უცხოელს;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ კომიტეტი მუდმივ კავშირზე იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან და უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. მისი განცხადებით, კომიტეტის სხდომამდე გაიმართა ონლაინ შეხვედრა უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და აღნიშნა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულებები უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ჩვენს წარმომადგენლებთან და კოლეგებთან კოორდინირებულად აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.