მაკა ბოჭორიშვილი – „საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების არქონის გამო, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია”
„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს არ მოიცავს. ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს ურთულესი გზების გავლა უწევთ იმისათვის, რომ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში. ათწლეულების მანძილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაოდ, ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ სხვადასხვა გზას, მათ შორის, არალეგალურს, რაც ამცირებს ან სრულიად აქრობს მათი უფლებების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობებს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების არქონის ან ნაკლებობის გამო, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რაც მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობებს ამცირებს და რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.
„ეს არის ის გამოწვევა, რის წინაშეც საქართველო და საქართველოს მოქალაქეები უკვე სამი ათეული წელია, დგანან.
არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად და უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ. თუმცა, დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა, ქვეყნის სწორი პოლიტიკის შემუშავება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ არალეგალური გზების ძიება და ჰქონდეთ უფლება ისარგებლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების კანონიერი შესაძლებლობებით და, მეორე მხრივ, ქვეყანას ზიანი არ მიადგეს ამ პროცესით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი და ღირსეული მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რაც დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
„იმისათვის, რომ საქართველო უკეთ გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის უფლება უკეთ იყოს რეალიზებული, გასული წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ. კომიტეტმა „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის” დახმარებით თემატური მოკვლევის ფარგლებში შეისწავლა საქართველოსთვის „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები და გამოწვევები”.
საკითხი კომპლექსური და მნიშვნელოვანია, საბოლოო რეკომენდაციებზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს და დაამტკიცებს მათ, რის შემდეგაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ, გააგრძელებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების უფლებების და საქართველოს საჭიროებების უკეთ დაცვას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.