ანრი ოხანაშვილი: ნურავინ მისცემს თავს უფლებას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენი გუნდი სხვადასხვა პირის მხრიდან კონკრეტულ პროვოკაციულ პოზიციონირებაზე საუბრობდა და ეს საკითხები ხშირად სერიოზულად არ აღიქმებოდა, გარკვეული ქილიკის საგანი ხდებოდა ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს, საქართველო რა სტრატეგიას აირჩევს, ეს სტრატეგია განსაზღვრულია და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანად აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად. ნურავინ გაბედავს და თავს ნუ მისცემს უფლებას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები