ცესკომ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამუშავება დაასრულა
მათივე ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 (რუსთავი, გარდაბანი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 139 988-ს შეადგენს.
ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი ამომრჩეველთა რაოდენობა 20 635-ია, რაც 497-ით მეტია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში იმავე ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე. მსგავს მეტობას კი არაერთი სამართლებრივი მიზეზი აქვს. მაგალითად, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, ასევე როცა მოქალაქე აღწევს საარჩევნო ასაკს, – ასეთი ბათუმის შემთხვევაში 100-ია, რუსთავსა და გარდაბანში კი – 755.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის გადაცემული მონაცემების საფუძველზე დგება. ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარ მონაცემებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა 15 მარტამდე შეეძლოთ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს 2 აპრილს პირველად გამოიყენებს. შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია 49 ადგილობრივი, და ცესკოში – 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აკრედიტაცია გავლილი აქვს 16 მედიასაშუალებას.