გოგა ხაინდრავა: მინდა, ხელისუფლებას ვკითხო – როდის დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ცდილობენ, საქართველო დაანგრიონ და გააცამტვერონ

მინდა, საქართველოს ხელისუფლებას ვკითხო: როდის დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ცდილობენ, თავისი ქმედებებით საქართველო დაანგრიონ და გააცამტვერონ. ამ ადამიანების სახელები ყველასთვის ცნობილია. ესენი დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„საქართველოს მტრები, უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულები, ვგულისხმობ აქედან გაქცეულ დამნაშავეებს, ადეიშვილს, მერაბიშვილს, ოქრუაშვილს, ლორთქიფანიძეს და ა.შ. არც ფარავენ, დანილოვის განცხადების შემდეგ აბსოლუტურად ნათელი გახდა: ისინი ყველა ერთად მონაწილეობდნენ მცდელობაში, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაეთრიათ. ის, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ღიად ლაპარაკობს. ეს მათი ამოცანა იყო. აქედან გამომდინარე, მარტივი კითხვა იბადება და მინდა, ეს კითხვა, პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებას დავუსვა: როდემდე უნდა ვითმინოთ ამ პროვოკატორების საქართველოში თარეში? როდემდე უნდა ითმინოს ქართულმა საზოგადოებამ ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომლის მოწმენიც ვართ, ეს ღიად და დაუფარავად ხორციელდება. როდის უნდა დადგეს ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წლამდე, სანამ მათი ხელისუფლებიდან გაძევება მოხდა, უამრავი დანაშაული ჩაიდინა, დღეს კი ცდილობენ, ქვეყანა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააგდონ, ვიდრე 2008 წელში იყო.

ამ კითხვის თანაავტორები ჩემთან ერთად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმეტესობაა. მინდა, ისევ გავუმეორე საქართველოს ხელისუფლებას: როდის დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ცდილობენ, თავისი ქმედებებით საქართველო დაანგრიონ და გააცამტვერონ. ამ ადამიანების სახელები ყველასთვის ცნობილია. ესენი დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. პირდაპირ ვითხოვ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამის მოთმენა არ შეიძლება, რადგან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავა უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ, მისმა ყველა მოქალაქემ იმ მეგობრობისადმი თავისი ერთგულება დაამტკიცა, რომელიც უკრაინელებს და ქართველებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა.

„ვფიქრობ, მსოფლიოს ასეთი განსაცდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ალბათ, დღეს კიდევ უფრო დიდია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული დაპირისპირების საფრთხე არ ყოფილა და დღეს ეს საფრთხე რეალურია. დასავლეთსა და რუსეთს შორის ასეთი მწვავე დაპირისპირება, როგორიც დღესაა, ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ არ რეალობის წინაშე ვართ.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმართლე ვიცოდეთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში. მესამე მსოფლიო ომი სამი მიმართულებითაა დაწყებული: ესაა ცხელი ომი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა, არის ეკონომიკური ომი, რომელმაც ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო და მესამეა საინფორმაციო ომი. ასეთ ვითარებაში ყველზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება. თუ დავაკვირდებით იმ ტოტალურ სიცრუეს, რომლის მომსწრენიც ვართ, განსაკუთრებით, მედიების მხრიდან, ეს ყველა ჩვენგანის წინაშე ბევრ სირთულეს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ იმ ტოტალურ საინფორმაციო შეტევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება.

ჩვენი დამოკიდებულება უკრაინისადმი ორ ნაწილად შეგვიძლია, დავყოთ: ვფიქრობ, საქართველომ, მისმა ყველა მოქალაქემ დაამტკიცა თავისი ერთგულება იმ მეგობრობისადმი, რომელიც უკრაინელებს და ქართველებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, უკრაინისადმი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და თავდადებული საზოგადოება ქართული საზოგადოებაა. ჩვენ ამას ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ საათში ვამტკიცებთ. მეორეა ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, უფრო სწორად, საქართველოსადმი უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება. უკანასკნელი განცხადებები და ქმედებები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ხელისუფლების შეცვლით იყო დაინტერესებული. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ჩამოქცეულიყო იმიტომ, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა საქართველოსთვის იგივე იყო, რაც ქვეყნის ჩამოქცევა. გამძვინვარებული აგრესორი აღარაფერს ითვალისწინებს, ვხედავთ – რა სიმძიმის დარტყმებს აყენებს უკრაინას, ყველაზე გაუგებარია ჩემთვის ის, თუ რომ რამდენად არ ინდობს საკუთარ ერს, იმიტომ, რომ უკრაინის ნახევარი, თუ მეტი არა, რუსული წარმოშობის ადამიანები არიან. ვხედავთ, აგრესორი თავის სისხლს და ხორცს რა სისასტიკით უსწორდება.

ჩვენ მარტივად შეგვიძლია, დავასკვნათ, რა ელოდებოდა საქართველოს, თუ პროვოკაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და უკრაინის ხელისუფლების მიერ იყო ჩაფიქრებული, განხორციელდებოდა. საქართველოზე უპრეცედენტო ზეწოლის, ცილისმწამებლური კამპანიის მოწმენი ვართ, რომელშიც მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი, მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, მათი პრესსპიკერები, რადას თავმჯდომარე, დეპუტატები და ა.შ.

დღეს დილასაც კი მოვისმინეთ ზელენსკის ინტერვიუ, სადაც საქართველო ახსენა, თუმცა, ახსენა, როგორც აფხაზეთი. თქვა, თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი აფხაზეთს დაკარგავსო. არ გაახსენდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. რუსეთი აფხაზეთს ვერ დაკარგავს იმიტომ, რომ არასდროს მოუპოვებია. საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერვენცია ორი მიმართულებითაა ესაა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
ადრეც ვთქვი და დღესაც მინდა, გავიმეორო: ერთია სამსახიობო სცენა და მეორეა პოლიტიკური სცენა. ეს ერთმანეთში არ უნდა აურიო. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოწმენი ვართ. ისე შეიჭრა ზელენსკი თავის სამსახიობო პროფესიაში, რომ ვერ არჩევს – სადაა პოლიტიკა, უმძიმესი განსაცდელი მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება და სადაცაა სამსახიობო ოსტატობა. ეს ორი სხვადასხვა ამბავია. უნდა მორჩეს ეს ბაქიბუქი, რეალურად შევხედოთ იმ ვითარებას, რომელშიც ვართ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ის უბედურება, რაც უკრაინაში მძვინვარებს.

„რაც შეეხება იმას, რაც საერთოდ მსოფლიოში ხდება. ასეთი აბსურდი, რომლის მომსწრენიც ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი უსუსურობა არ ყოფილა და ამის წარმოდგენაც ძნელი იყო. მთელი მსოფლიო უყურებს, გამძვინვარებული აგრესორი როგორ ანადგურებს უკრაინელ ერს. არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ეს შეჩერდეს, არ არსებობს, არავის გააჩნია არც უნარი, არც შესაძლებლობა, რომ ეს ბარბაროსობა გაჩერებული იქნეს. აქედან გამომდინარე, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მივხვდეთ , რომ ჩვენ ერთი ერთზე ვართ დარჩენილი იმ საფრთხესთან, რომელიც ძალიან ახლოს, უკრაინაშია. ამ საფრთხემ შეიძლება, ჩვენთანაც გადმოინაცვლოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ის უბედურება, რაც უკრაინაში მძვინვარებს. უკრაინის მაგალითზე უნდა დავინახოთ, თუ რისი შემძლეა, უფრო სწორად, რისი არშემძლეა საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები