ირაკლი შიხიაშვილი: ვერაფრით დავიჯერებ იმ ქართველის პატრიოტობას, დღეს ვაჟკაც უკრაინელ მებრძოლებს რომ ადიდებს, ხოლო მე, ქართველ მეომარს, რუსეთუმეს მეძახის

“ვერაფრით დავიჯერებ იმ ქართველის პატრიოტობას, დღეს ვაჟკაც უკრაინელ მებრძოლებს რომ ადიდებს, ხოლო მე, ქართველ მეომარს, რომელიც აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე ვებრძოდი, რუსეთს და რუსების მიერ ნასროლი 4 ტყვიითა და ნაღმის 3 ნამსხვრევით მიღებულ ჭრილობებს დავატარებ, რუსეთუმეს მეძახის”, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ერთადერთი სწორი და გონივრული გადაწყვეტილება – ქვეყანა რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშ რომ არ დააყენა.

“შეხედეთ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა ხდება “ფეისბუქში”, “ტიკ-ტოკსა” და სხვა სოციალურ ქსელებში – სამხედრო ფორმებში გამოწყობილ იარაღიან ტიპებს თავიანთი ფოტოები და ვიდეოები აქვთ გამოფენილი, არც სახეს მალავენ და არც სახელსა და გვარს. ადამიანი ომში იბრძოდეს და თან იპრანჭებოდეს, “სელფების” გადაღებითა და ინტერნეტში გამოფენით იყოს დაკავებული დღემდე არასოდეს მინახავს.

საქართველო არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაწევრიანდეს არცერთ სამხედრო ბლოკში, უნდა გამოვაცხადოთ სამხედრო მიუმხრობლობა და დავიწყოთ დიპლომატიური მუშაობა იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ ნეიტრალურ სახელმწიფოდ გვაღიაროს. რუსეთსაც იქეთ უნდა შევთავაზოთ რა აღიაროს საქართველოს ნეიტრალიტეტი, ოღონდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციის გათვალისწინებით, მართალია რუსეთი დიდია და ბევრი რაკეტა აქვს, მაგრამ პრობლემები და გასაჭირიც არ აკლია და გარკვეულ კომპრომისზე წასვლა აუცილებლად დასჭირდება.

ამასთან, ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტორები უნდა გახდნენ გაერო და მსოფლიო თანამეგობრობა, მაგრამ მანამდე ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ და მერე მათაც გავაგებინოთ, რა როლი და ფუნქცია ექნება საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა, რომ საქართველოში არ იდგეს არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი და ეს არის პრორუსობა? მინდა, რომ ჩემს ქვეყანას კარგად დალაგებული ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ეს არის პრორუსობა? მინდა, რომ საქართველო, როგორც ნეიტრალური სახელმწიფო კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად იქცეს. ეს არის პრორუსობა?

ვაკვირდები, რომ დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში ძალიან მოდური გახდა უკრაინის დროში ფრიალი და ამ დროშის ფერებში გადაწყვეტილი სხვადასხვა ატრიბუტიკით სიარული, ტრენდულია შეძახილი – “დიდება უკრაინას”. კი მაგრამ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცითა და ვაჟკაცობით რომ აღფრთოვანებაში მოვდივართ, როგორ მოვექეცით თავის დროზე და როგორ ვექცევით დღესაც იმ ვაჟკაც ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში ფაქტობრივად შიშველი ხელებით იბრძოლეს?

იმის ნაცვლად, რომ ეს ბიჭები გულში ჩაეხუტებინათ და გმირებად ეღიარებინათ ციხეში გაისტუმრეს – კრიმინალები არიანო. ვინმეს უფიქრია და მოუკითხავს ეს ბიჭები როგორ ცხოვრობენო? ზოგს თვალი არ აქვს, ზოგს თირკმელი არ აქვს, ზოგს ფილტვი არ აქვს, ზოგს ხელი არ აქვს, ზოგს ფეხი არ აქვს, სამსახური არ აქვს და ოჯახი შიმშილით უკვდება….

ერთი მეომარი მყავდა, ვახო რაზმაძე, მეტსახელად “ჯადოს” ვეძახდით, მამაც და შვილიც საოპერაციო ჰყავდა და უსახსრობისა და უმწეობისგან იმ ზომამდე მივიდა, რომ ავტომანქანის აკუმულატორის “კისლატა” დალია, 6 თვე საშინელი წამებით ებრძოდა სიკვდილს. ამაზე არავინ ფიქრობს, არავის სტკივა გული. სამაგიეროდ ტანსაცმელს იხევენ – ვაიმე უკრაინელები რა მაგრად ომობენო.

ვერაფრით დავიჯერებ იმ ქართველის პატრიოტობას, დღეს ვაჟკაც უკრაინელ მებრძოლებს რომ ადიდებს, ხოლო მე ქართველ მეომარს, რომელიც აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე ვებრძოდი რუსეთს და რუსების მიერ ნასროლი 4 ტყვიითა და ნაღმის 3 ნამსხვრევით მიღებულ ჭრილობებს დავატარებ რუსეთუმეს მეძახის.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ერთადერთი სწორი და გონივრული გადაწყვეტილება – ქვეყანა რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშ რომ არ დააყენა, თუ გვინდა, სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები