Bellingcat: შესაძლოა, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იყოს, მაგრამ მისი ბრძანება შეიძლება, არ შესრულდეს

Bellingcat-ის გამომძიებელი-ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ თუ კიევის დაკავების ოპერაცია ჩავარდება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენება სცადოს.

ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი ბრძანება შეიძლება, არ შესრულდეს.

ამის შესახებ ხრისტო გროზევმა “უკრაინა 24”-ის ეთერში თქვა.

მისი თქმით, Bellingcat-ის წყაროები ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში და უკვე იანვარში ამბობდნენ, რომ პუტინი შესაძლოა, წავიდეს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

ჟურნალისტის თქმით,  თავდაცვის გაუჩინარებული მინისტრი, სერგეი შოიგუ ამჟამად უფას მახლობლად, საიდუმლო ბუნკერში იმალება. ამას ადასტურებს გადაფრენების მონაცემები.

გროზევი ამბობს, რომ კრემლი სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დამალავს, თუ რეალურად განიხილავს ბირთვულ სცენარს.

რაც შეეხება პუტინს, გროზევის თქმით, ის ურალთან არსებულ სამალავში იმყოფება.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმა, გროზევმა თქვა, ”იცით, ძნელია პასუხის გაცემა. რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გვქონია ბევრი საუბარი. ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გვაფრთხილებდა დეკემბერ-იანვარში, რომ დიდი ალბათობით თავად პუტინს ეს ნამდვილად სურდა და  ის უახლოეს გარემოცვაში ტრაბახობდა, რომ მზად არის ამაზე წავიდეს –  ახლაც ამბობს, რომ, კიევის აღების სრული წარუმატებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, გასცეს ასეთი ბრძანება. მაგრამ მას არ შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი “წითელ ღილაკზე” თითის დაჭერით. ეს წითელი ღილაკი არსებობს, მაგრამ არის ხუთი ადამიანი, რომლებმაც უნდა შეასრულონ ყველა ბრძანება, სანამ ბირთვული რეზერვის მქონე რაკეტა აფრინდება. ჩვენი წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ხუთიდან გამოჩნდება, სულ მცირე, ერთი, ვინც ამ ბრძანებას არ შეასრულებს. პუტინს ესმის, რომ ასეთი რისკი არსებობს, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძანება გასცეს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები