დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფომ სახელმწიფოს მოუწოდოს, საკუთარი ქალაქები გადაწვით და ხალხი ჩაახოცინეთ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ომიო, პირველად მესმის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხობს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი ასეთ ღია მოწოდებას აკეთებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე, აუცილებელია სწორედ ხელისუფლებისგან მიიღოს ღია პასუხი.
დიმიტრი ხუნდაძე დანილოვს აფრთხილებს, რომ უკრაინის მთავრობის წევრების განცხადებებში ბევრი ეჭვი გაჩნდა და ეს ეჭვები მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს:
„ალექსეი დანილოვის განცხადება არა მარტო ამორალურია, არამედ, დანაშაულის ელემენტებსაც შეიცავს. უკრაინის მთავრობის წევრების განცხადებების შემდეგ ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება, რაც მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. უკრაინაში მოქმედი სააკაშვილის პრორუსი ხელისუფლების წევრები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ, ბოლომდე ცდილობენ, უკრაინის ომი საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ, რაშიც ხელს უწყობს უკრაინის მთავრობაც ასევე საკუთარი ინტერესებისთვის. რაც შეეხება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ოცნების საბოლოო ახდენა – საქართველოს სრული ოკუპაცია. მაშინ, როდესაც ნატო ღიად აცხადებს, რომ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს და ამ ეტაპზე ნატო არ აპირებს გაფართოებას, რისი ან ვისი იმედით შეიძლება გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ამის ერთადერთი შედეგი იქნება საქართველოს განადგურება და რუსეთის მხრიდან სრული ოკუპაცია. თუკი 44 მილიონიანი ქვეყანა ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას მსოფლიო დახმარების ფონზე, ჩვენ 3 მილიონიანმა ქვეყანამ ეს როგორ უნდა შევძლოთ? მივმართავ ალექსეი დანილოვს, სახელმწიფომ სახელმწიფოს მოუწოდოს, საკუთარი ქალაქები გადაწვით და ხალხი ჩაახოცინეთ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ომიო, პირველად მესმის. ეს უკვე ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ღია შეურაცხყოფაა და არავის გირჩევთ ამის განმეორებას. იქნებ ისიც შეგვახსენოთ, აფხაზეთის ან აგვისტოს ომის დროს უკრაინის რომელ ნაწილში გახსენით მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ? თქვენ განცხადებებს რომ ვაკვირდებოდი, სწორედ მაგიტომ ვთქვი 3 კვირის წინ, რომ დუმილი დანაშაულად არ უნდა გვექცესთქო. როგორც ჩანს, დუმილი დანაშაულად ნამდვილად გვექცა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.