გიორგი ცუცქირიძე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში განაპირობებს იმას, რომ საწვავის დიდი ნაწილი, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასები კვლავ მზარდია
“გაძვირებული საწვავი, არის ავტომატურად გაძვირებული სატრანსპორტო საშუალებები და ამავდროულად გაძვირებული სამომხმარებლო ფასები, რაც ნეგატიურად აისახება, ეკონომიკის ზრდაზეც, ბიზნესზეც და თითოეული მოქალაქის ჯიბეზე”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ბენზინის ფასები ეფუძნება ნედლი ნავთობის ღირებულებას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის და დასავლეთის სანქციების საპასუხოდ მკვეთრად გაიზარდა.
“2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 107 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო აპრილის ფიუჩერსებმა 120 აშშ დოლარს. შესაბამისად, იზრდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც; ბოლო პერიოდში ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გაურკვევლობა ამ ომის განვითარების და ხანგრძლივობის შედეგებზე განაპირობებს იმას, რომ ევროპაში საიდანაც ჩვენთან შემოდის საწვავის დიდი ნაწილი, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასები კვლავ მზარდია. თავის მხრივ, ბენზინის ფასები ეფუძნება ნედლი ნავთობის ღირებულებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის და დასავლეთის სანქციების საპასუხოდ.
ძალზე საინტერესოა პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასები ლიტრზე გასული წლის ბოლოდან, როდესაც იყო ბაზრებზე შედარებით გაიაფების ტენდენცია, მიმდინარე წლის 22 მარტამდე ფასის ცვლილების დინამიკა, რადგან ეს პერიოდი ბუნებრივია მოიცავს 24 თებერვლის შემდგომ პერიოდსაც. აქ შეგვიძლია საქართველოში არსებული ფასები შევადაროთ ევროპის ქვეყნების ფასებს და გარკვეული დასკვნებიც გაკეთდეს, რამდენად არის ძვირი საწვავი საქართველოში.
საქართველოსთვის 2021 წლის 13-დეკემბრიდან მიმდინარე წლის 21-მარტამდე. საშუალო ღირებულება იმ პერიოდში იყო 3.29 ლარი, მინიმალური ფასი დაფიქსირდა 2022 წლის 3 იანვარს-3.18 ლარი და მაქსიმალური 3.86 ლარი უკვე 2022 წლის 21 მარტს. შედარებისთვის, მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ამ პერიოდისთვის 5,71 ლარი იყო. დიზელის საშუალო ღირებულება იმ პერიოდში იყო 3.21 ლარი, მინიმალური 3.09 ლარი 13 დეკემბერს დაფიქსირდა, ხოლო მაქსიმალური 3.98 ლარი 21 მარტს. საშუალოდ ბენზინის ფასის ზრდა იანვრიდან დღემდე 21 %-ს, ხოლო დიზელის 29 % ს შეადგენს .
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში საშუალო ღირებულება ანალოგიური პერიოდის განმავლობაში იყო 2.04 ევრო, მინიმალური 1.96 ევრო 2021 წლის 27 დეკემბერს და მაქსიმალური 2.35 ევრო 2022 წლის 21 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 8.3 ლარია, ხოლო ფასი იანვართან შედარებით გაზრდილია 20 %–თ. დიზელის ფასები: საშუალო ღირებულება ნიდერლანდებისთვის იმ პერიოდის განმავლობაში იყო 1.74 ევრო, მინიმალური 1.59 ევრო 3 იანვარს და მაქსიმალური 2.22 ევრო უკვე 2022 წლის 21მარტს, რაც შესაბამისი კურსით 7.90 ლარია, ხოლო დიზელის ფასები გაზრდილია მთელი 40 %-ით.
ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება იმ პერიოდში იყო 2.09 ევრო, მინიმუმ 1.87 ევრო 20 დეკემბერს და მაქსიმალური 2.53 ევრო 7 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 9 ლარია, ბენზინის ფასი გაზრდილია 35 %-ით, ნორვეგიაში დიზელის საწვავის საშუალო ღირებულება იმ პერიოდში იყო 1,98 ევრო, მინიმალური 1,78 ევრო 20 დეკემბერს იყო და მაქსიმალური 2,53 ევრო 07 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 8.98 ლარია, ხოლო დეკემბერთან შედარებით, ფასი გაზრდილია 42 %-ით.
იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება იმ პერიოდის განმავლობაში იყო 1.84 ევრო, მინიმალური 1.72 ევრო 2021 წლის 27 დეკემბერს და მაქსიმალური 2.19 ევრო 14 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 7.79 ლარია, ამ პერიოდში ბენზინის ფასი გაზრდილია 27 %-ით. დიზელის საწვავის იტალიის საშუალო ღირებულება იმ პერიოდის განმავლობაში იყო 1.73 ევრო, მინიმუმი 1.59 ევრო 13 დეკემბერს და მაქსიმალური 2.20 ევრო 14 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 7.83 ლარია, ხოლო ფასი გაზრდილია 38 %-ით.
როგორც ვხედავთ ფასები როგორც სუპერის ტიპის ბენზინზე, ისევე როგორც დიზელზე საქართველოსთან შედარებით, სულ მინიმუმ 2 ჯერ მაღალია, ხოლო გასული წლის ბოლოსთან შედარებით გაზრდილია პროცენტული მაჩვენებლის მიხედვითაც.
რაც შეეხება ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. თურქეთში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება იმ პერიოდში იყო 0,91 ევრო, მინიმალური 0,64 ევრო 13 დეკემბერს და მაქსიმალური 1,25 ევრო 14 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 4.46 ლარია, ხოლო ფასი გაზრდილია 98 %-ით!; თურქეთის დიზელის საშუალო ღირებულება იმ პერიოდის განმავლობაში იყო 0.93 ევრო, მინიმალური 0.64 ევრო 13 დეკემბერს დაფიქსირდა და მაქსიმალური 1.27 ევრო 21 მარტს, რაც შესაბამისი კურსით 4.51 ლარი გამოდის, რაც ასევე მაღალია ჩვენთან შედარებით და ფასიც ბენზინის ანალოგიურად სარეკორდოდ 99 %-ით არის გაზრდილი.
როგორც ვხედავთ ფასების ზრდა 24 თებერვლის შემდეგ პერიოდზე მოდის, ხოლო მაქსიმუმი უკვე მარტის მეორე ნახევარში ფიქსირდება, ისევე როგორც ჩვენთან, რაც უკრაინის ომის ზეგავლენის პირდაპირ კორელაციაზეც მიუთითებს.
საქართველოზე გაცილებით მაღალია ფასები როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ბალტიის სახელმწიფოებშიც, სადაც ზრდა ასევე მარტის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება, ხოლო ფასის ზრდის მაჩვენებელი აქაც ჩვენზე მაღალია, საშუალოდ 30-40 %. მაგალითად თუ საქართველოში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი არის 3.29 ლარი, რუმინეთში-4.85 ლარია, უნგრეთში-4.59 ლარია, ბულგარეთში-4.46 ლარია, ესტონეთში-5.87 ლარია, ლიტვაში-4.30 ლარია,
რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში და აზერბაიჯანში: საშუალო ღირებულება სუპერის ტიპის ბენზინზე რუსეთისთვის იმ პერიოდის განმავლობაში იყო ლარის შესაბამისი კურსით 1.56 ლარი, ხოლო აზერბაიჯანში-1.90 ლარი, სამაგიეროდ მოლდოვაში-4.06 ლარია, ხოლო უკრაინაში-3.60 ლარი.
აქ მოყვანილი მაგალითებიც აჩვენებს, რომ ცალკეული სპეკულაციები საწვავის ფასზე მანიპულაციაზე და ხელისუფლების უმოქმედობაზე, არის თითიდან გამოწოვილი, ხოლო თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ფასის დასაწევად ან მისი ზეგავლენის შესამცირებლად, ამის მექანიზმები არსებობს, საწვავის ფასში შემავალ კომპონენტებზე ზემოქმედებით, თუნდაც აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადის ნორმის ცვლილებით, რაზეც მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა. იმედია, მალე ამ გადაწყვეტილებების მომსწრენიც გავხდებით.
გაძვირებული საწვავი, არის ავტომატურად გაძვირებული სატრანსპორტო საშუალებები და ამავდროულად გაძვირებული სამომხმარებლო ფასები, რაც ნეგატიურად აისახება, ეკონომიკის ზრდაზეც, ბიზნესზეც და თითოეული მოქალაქის ჯიბეზე”,- წერს ცუცქირიძე.