სანდრო რაქვიაშვილი – დანილოვის განცხადებაზე: მოწოდება, რომ თქვენი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირეთ, რომ ჩვენ უფრო გაგვიმარტივდეს ომი, მგონი ცოტა ამორალურია
“გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახით ომის დაწყება, საქართველოს მხრიდან შეცდომა იქნებოდა.
„ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელი განცხადებაა. ჩვენ აფხაზებთან ომი არ უნდა დავიწყოთ მაშინაც კი, როცა დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიებია სამაჩაბლო და აფხაზეთი და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ხალხთან. ნებისმიერი სახით ომის დაწყება, ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეცდომა. მით უმეტეს მოწოდება, რომ თქვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირეთ, რომ ჩვენ უფრო გაგვიმარტივდეს ომი, მიუხედავად ყველაფრისა, გასაგებია, რომ უკრაინელები ჩვენც გვიცავენ და მიდიან სწორ მხარეს და სწორი მიზნებისთვის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მგონი ცოტა ამორალურიც არის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.