ვახტანგ ჭარაია: რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ენერგობაზარი მნიშვნელოვნად არია
“რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ენერგობაზარი მნიშვნელოვნად არია”,- ამის შესახებ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ომის გამო გართულებულია მდგომარეობა ნავთობპროდუქტების კუთხით, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მსოფლიო მასშტაბით.
“გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო მომმარაგებელია, მისმა ომმა უკრაინაში და მასზე დაწესებულმა უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა მნიშვნელოვნად არიან მსოფლიო ენერგო ბაზარი. ერთი მხრივ წნეხი აძვირებს ენერგო რესურსებს და ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთის რესურსებზე სრულიად უარის თქმა დასავლეთის მხრიდან ენერგო რესურს სავარაუდოდ ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანს. ფასების ზრდა კი სენსიტიურია როგორც განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე განვითარებული ქვეყნებისათვის და ამის მაგალითებს პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაწყდებით დასავლეთის ქვეყნებში სისტემატიური საპროტესტო აქციების სახით.
თავისუფლება ძვირი ღირს, თუმცა საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საიმედოდაა დაცული, ცალკეულ ასპექტებში კი გამოწვევები დიდია, მაგალითად:
– ბუნებრივი აირის შემთხვევაში, მომარაგება 90%-ზე მეტი აზერბაიჯანთან გრძელვადიან კონტრაქტებს ეფუძნება, რასაც ემატება შაჰდენიზიდან დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი ტრანზიტის შედეგად მიღებული გაზრდილი სატარიფო შემოსავალიც;
– ელექტროენერგიის შემთხვევაში საქართველო იმპორტს ახორციელებს კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ფასის მიხედვით, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას სიმბოლურს ხდის. ნებისმიერ მომენტში საქართველოს გააჩნია სხვა მეზობელი ქვეყნების ალტერნატივა. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე როგორც ირკვევა რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფები უცვლელია;
– ომის გამო გართულებულია მდგომარეობა ნავთობპროდუქტების კუთხით, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მსოფლიო მასშტაბით. ნავთობპროდუქტების ფასი ნავთობის არამწარმოებელ ქვეყნებში საშუალოდ 20%-ითაა გაზრდილი, მათ შორის საქართველოშიც. სამწუხაროდ წნეხს განიცდის საქართველოც, რომლისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა ელექტრომობილების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზება თუ იქნება, თუმცა ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია.
სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ თუ მსოფლიოსთვის რუსეთის ენერგო რესურსები ყოფილა სენსიტიური, არანაკლებ მტკივნეული ყოფილა უკრაინული სურსათის (რუსეთთან ერთად) ბაზარზე არმიწოდებაც, რასაც მსოფლიო სასურსათო სტაბილურობის შერყევაც კი შეძლებია. გამოსავალი დივერსიფიცირებასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაშია, რასაც არც თუ ისე იშვიათად თავადვე ვაბრკოლებთ და ამისი ნათელი მაგალითია ჰესების მიმართ აგორებული აგრესიული მოწოდებები და შედეგად ჩაგდებული მილიარდობით დოლარის პროექტები. ისევე როგორც თავისუფლება ღირს ძვირი, უფასო და უმტკივნეულო არც განვითარების საფასურია. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო რთული იქნება ნებისმიერი შემდგომი რეგიონული თუ მსოფლიო გამოწვევა”,- წერს ჭარაია.