უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს  მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლიერია.

მისივე თქმით,  2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან. დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით.

უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების – „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის. საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ასევე, მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის.

რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები