შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და ამ კუთხით წამყვანი როლი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი გვერდით დაუდგეს იმისთვის, რომ ეს გზა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს.

„იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში.

სამშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროთ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” კანონს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი კანონმდებლობის დაახლოებისა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ყველა გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიაროთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები