ანჯეი დუდა – რუსეთის მუქარაზე: დიდი ქვეყანა გვაქვს, აგრესორების დასამარხი ადგილი ბევრია
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა რუსეთის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ, თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს.
„ჩვენ ვართ ერი, რომელიც თავს არასოდეს არავის დასხმია, განსაკუთრებით – ამ ბოლო საუკუნეში. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, მშვიდად გვეცხოვრა, მაგრამ ყველა აქეთ გვესხმოდა თავს.
ჩვენ დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა ვიცხოვროთ შედარებით კომფორტულად, განვვითარდეთ, გავმდიდრდეთ, გამოვიკვლიოთ სამყარო და ვიყოთ გლობალური მოქალაქეები. გვინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება.
მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. თუ ვინმე თავს დაგვესხმება, იქნება ეს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, თუ სხვა მხრიდან, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი სამშობლოს დასაცავად. გარწმუნებთ, პოლონეთი საკმარისად დიდია საიმისოდ, რომ აგრესორების დასამარხი ადგილი ჰქონდეს”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება რუსული პროპაგანდისტული არხების ეთერში გაჟღერებული მუქარის პასუხი იყო, რომლის მიხედვითაც, თუ პოლონეთი უკრაინის სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას, შეიძლება “ბირთვული შეტევის შედეგად ვარშავა 30 წამში გაქრეს“.